Sushi Bar (Georgian)
სამხრეთკორეელი ოფიციანტი გოგონა პროფესიული გულმოდგინებით ცდილობდა წყენა დაეფარა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ კარლოსის ალალი რჩევა მწარე შენიშვნად მიიღო - ვერ აპატია. არადა, კარლოსი ოთხშაბათობით საკმაოდ კეთილია. განა საწყენად უთხრა, უბრალოდ ეს დედაარღნიანი საპორო ისე დაასხა გოგონამ, ნახევარი ჭიქა ქაფით აუვსო. ამანაც, ელ-სალვადორული „ტაქტით“ (ანუ შეუბრალებლად) მიუთითა გამოუცდელ ოფიციანტს - „ლუდს რომ ასხამ, ჭიქა უნდა დახარო, querida!“.
ოფიციანტი გოგონას ბრაზიან სახეს თვალი ავარიდე და შემოსასვლელს გავხედე. გარეთ ცხელა. სიცხე თბილისში რომ იცის ისე სად იცის, მაგრამ აქ ბევრად უფრო უსიამოვნოა. ტენიანი, გახურებული ჰაერი ფილტვებს გიხეთქავს, უმოწყალოდ გასველებს და დარეტიანებული ლოქოსავით მიგერეკება კონდიცირებული შენობებისკენ. განსაკუთრებით ისეთი შენობებისკენ სადაც ჩაციებულ ლუდს მოგართმევენ აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით, ზედ სუშისაც მოაყოლებენ და თუ კარლოსმა „შუხური“ არ ატეხა ოფიციანტთან, წყნარად განტვირთვასაც მოახერხებ, მთელი დღის მუშაობით დაღლილი.
სანამ კარლოსი ბუზღუნს აგრძელებს, მზერა დარბაზზე გადამაქვს. Spices-ში, ვისკონსინ ავენიუზე ნორმალურ სუშის აკეთებენ. დარბაზიც სუფთა და სასიამოვნოა. ერთი ეგაა - უიკენდზე საშინლად იჭედება, ბზუის, ხმაურობს, ჭიჭყინებს და თუ თვალებს დახუჭავ შეიძლება კომუნისტების დროინდელი ვერის ბაზარიც მოგაგონდეს, ნოსტალგიურ ზმანებებში. განტვირთვას ვინ სჩივის, თავის ტკივილი გამოწერილი გაქვს. ამიტომაც, მე და კარლოსი ყოველთვის კვირის დღეებში მოვდივართ. კვირის დღეებში შედარებით ცოტა ხალხია და ჩვენთვის სულ ერთი არაა? თინუსს ოთხშაბათობითაც ისე ახვევენ ბრინჯში როგორც შაბათობით.
დარბაზის შორეულ კუთხეში ეულად მჯდარი გოგონა შევნიშნე. საშინლად უგემოვნო, წითელი მაისური აცვია. პრინციპში უგემოვნო რა, ერთი უბრალო მაისურია. ესეც ახლა პარიზულ დეფილეზე არ გამოდიოდეს ამ მაისურით. ეგაა - ფერი მაღიზიანებს. ზურგით ზის და მაისურის სიწითლე ცუდად შეღებილი ტრაფარეტივით მიბღვერს. ღმერთო, რას მაგონებს ეს ფერი?
... ჭავჭავაძის გამზირი, უნივერსიტეტი, პირველი კურსი. ნინო დეიდას „ბუტკა“ და მოუქნელად მიჯღაბნილი თეთრი წარწერა: Coca Cola. ღერებზე ნაყიდი სიგარეტები, გაცდენილი ლექციები. ქუჩის გადაღმა - ლარიანი ხაჭაპური და ერთი ბოთლი არაყი „გომი“. სამნი მაგიდასთან. ბევრი ლექსი, სიცოცხლის სიყვარული, სიმთვრალეში არეული ახალგაზრდული უდარდელობა...
ვიღას ახსოვს მთელი დილა ნაოცნებარი სუში, „ლანჩი“ რომლისთვისაც დრო არ დარჩა ან მოშიებული კუჭი? მაგიდაზე ფულს ვაგდებ, გაოცებულ კარლოსს ხელის აწევით ვემშვიდობები და ხმის ამოუღებლად გამოვდივარ ბარიდან. კარგია სუში. ბევრად სჯობია ლარიან ხაჭაპურს, სასარგებლოცაა. საკესაც მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს ვიდრე არაყ „გომს“, მაგრამ ვისკონსინის ავენიუზე მოულოდნელად გაავდრდა და დღეს სუშის არ დაველოდები.
